შეკითხვა
რას ნიშნავს, რომ იესო მხსნელია?
პასუხი
„მხსნელი იესო" პოპულარული დევიზია, რომელსაც დაინახავთ ბამპერებზე, სპორტულ ღონისძიებებსა და ბანერებზე, რომელთაც პატარა თვითმფრინავები ცაში გამოკიდებენ ხოლმე. საწყენია, რომ მათგან, ვინც ხედავს, მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანს ესმის ამ ფრაზის მნიშვნელობა. ეს ორი სიტყვა დიდ ძალასა და ჭეშმარიტებას შეიცავს.
იესო მხსნელია, მაგრამ ვინ არის იესო?
ხალხის უმეტესობას ესმის, რომ იესო ადამიანი იყო, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა, დაახლოებით, 2000 წლის წინ. თითქმის ყველა რელიგია იესოს განიხილავს, როგორც კარგ მასწავლებელს და მქადაგებელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ასეა, მათ რეალურად არ იციან, სინამდვილეში ვინ არის იესო, და ვერც იმას ხსნიან, თუ როგორ და რატომაა იესო მხსნელი. იესო ღმერთია, რომელმაც ხორცი შეისხა (იოანეს 1:1-14); იესო ღმერთია, რომელიც დედამიწაზე ადამიანის სახით მოვიდა (1 იოანეს 4:2); ღმერთი, იესოს სახით, ადამიანად იქცა ჩვენ გადასარჩენად. ეს აჩენს კითხვას: რატომ გვჭირდება ხსნა?
იესო მხსნელია, მაგრამ რატომ გვჭირდება ხსნა?
ბიბლია ამბობს, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც კი უცხოვრია, ცოდვილია (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:23). ცოდვა ნიშნავს რაიმეს გაკეთებას ან გაფიქრებას, სიტყვას ან საქმეს, რომელიც ღმერთის სრულყოფილ და წმინდა ბუნებას ეწინააღმდეგება. რადგანაც ვცოდავთ, სასჯელს ვიმსახურებთ ღმერთისგან (იოანეს 3:18, 36). ღმერთი სამართლიანია, ამიტომ ვერ მისცემს უფლებას ცოდვასა და ბოროტებას, დაუსჯელი დარჩეს. რადგანაც ღმერთი უსასრულო და მარადიულია, და რადგანაც ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ არის მიმართული (ფსალმუნები 51:4) ის უსასრულო და მარადიულ სასჯელს იმსახურებს. ცოდვის ერთადერთი, სამართლიანი სასჯელი მარადიული სიკვდილია. ამიტომ გვჭირდება ხსნა.
იესო მხსნელია, მაგრამ როგორ გვიხსნის?
რადგანაც მარადიული ღმერთის წინააღმდეგ შევცოდეთ, ან როგორც მოკვდავმა ადამიანებმა, უნდა გადავიხადოთ ჩვენი ცოდვებისთვის განუსაზღვრელი დროით, ან უსასრულომ (იესომ) უნდა გამოისყიდოს ჩვენი ცოდვები ერთგზის. სხვა გამოსავალი არ არსებობს. იესო გვიხსნის და ჩვენ ნაცვლად კვდება. იესო ქრისტეს სახით ღმერთი ჩვენთვის მოკვდა, გაიღო უსასრულო და მარადიული მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ მას შეეძლო, რომ გაეღო (2 კორინთელთა 5:21; 1 იოანეს 2:2). იესომ თავის თავზე აიღო ის სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით, რათა საშინელი მარადიული ტანჯვისგან განვეთავისუფლებინეთ, რაც ჩვენი ცოდვის სამართლიანი სასჯელი იყო. რაკი დიდი სიყვარული აქვს, იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის (იოანეს 15:13); გადაიხადა საზღაური, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ. შემდეგ იესო აღსდგა და დაამტკიცა, რომ მისი სიკვდილი მართლაც საკმარისი იყო ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად (1 კორინთელთა 15).
იესო მხსნელია, მაგრამ ვის იხსნის?
იესო ყველას იხსნის, ვინც მისი ხსნის საჩუქარს მიიღებს. იესო იხსნის ყველას, ვინც სრულიად იწამებს მის მსხვერპლს, როგორც ცოდვის გამოსყიდვის ერთადერთ საშუალებას (იოანეს 3:16; საქმეები 16:31). მიუხედავად იმისა, რომ იესოს მსხვერპლი საკმარისია მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, ის იხსნის მხოლოდ მათ, ვინც პირადად მიიღებს მის ყველაზე ძვირფას საჩუქარს (იოანეს 1:12).
თუკი ახლა ხვდებით, რას ნიშნავს, რომ იესო მხსნელია, და თუ გსურთ, რომ იწამოთ ის, როგორც თქვენი პირადი მხსნელი, დარწმუნდით, რომ გესმით და გწამთ შემდეგი, და რწმენის აქტად, ასე მიეახლეთ ღმერთს: „ღმერთო, ვიცი, რომ ცოდვილი ვარ; ვიცი, რომ ჩემი ცოდვის გამო შენთან მარადიულ დაშორებას ვიმსახურებ. მიუხედავად იმისა, რომ არ დამიმსახურებია, გმადლობ, რომ გიყვარვარ და ჩემი ცოდვებისთვის გაიღე მსხვერპლი იესო ქრისტეს სიკვდილით და აღდგომით. მჯერა, რომ იესო ჩემი ცოდვების გამო მოკვდა და ისიც მჯერა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩემი ხსნა. ამ წუთიდან დამეხმარე, ვიცხოვრო შენთვის, და არა ცოდვისთვის. დამეხმარე, დარჩენილი ცხოვრება მადლიერებით გავატარო იმ საოცარი ხსნის გამო, რომელიც შენ მოგვეცი. გმადლობ, იესო, იმისათვის, რომ მიხსენი!"
მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.
English
რას ნიშნავს, რომ იესო მხსნელია?