settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ უნდა გავხდე ქრისტიანი?

პასუხი


ერთმა კაცმა ბერძნულ ქალაქ ფილიპედან მსგავსი კითხვა დაუსვა პავლეს და სილას. ჩვენ სამი რამ ვიცით ამ ადამიანის შესახებ: მისი პროფესია, რომ ის იყო ციხის ზედამხედველი, მისი მრწამსი, რომ იგი წარმართი გახლდათ და მისი სულიერი მდგომარეობა – იგი სასოწარკვეთას იყო მიცემული. ეს პიროვნება თვითმკვლელობის ზღვარზე იდგა, როდესაც პავლემ შეაჩერა. ამ დროს იკითხა მან: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?"

კითხვის დასმა მიუთითებს იმაზე, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა გადარჩენის აუცილებლობა. ის მხოლოდ სიკვდილს ხედავდა და ხვდებოდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. ხოლო ის, რომ პავლეს და სილას ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო, აჩვენებს იმას, რომ სჯეროდა – მათ პასუხი ჰქონდათ.

პასუხი სწრაფად და უბრალოდ მოდის: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც" (საქმეები 16:31). ეს ნაწყვეტი ცხადყოფს, რომ კაცმა დაიჯერა და ქრისტესკენ მოექცა. მისი სიცოცხლე ამ დღის შემდგომ სხვანაირი გახდა.

გაითვალისწინეთ, რომ ამ კაცის მოქცევა რწმენაზეა დაფუძნებული. კაცმა დაიჯერა, რომ იესო იყო ღმერთის ძე (უფალი) და მესია, რომელმაც აღასრულა წმინდა წერილი (ქრისტე). მისი რწმენა გულისხმობდა იმასაც, რომ ქრისტე ცოდვებისთვის მოკვდა და შემდგომ აღდგა, იმიტომ, რომ ასეთი იყო პავლესა და სილას გზავნილი (იხ. რომაელთა 10:9-10 და 1 კორინთელთა 15:1-4).

„მოქცევა" პირდაპირი მნიშვნელობით „მობრუნებასაც" ნიშნავს. მაშინ, როდესაც ერთი რაღაცისკენ მივბრუნდებით, აუცილებლად უნდა ვაქციოთ ზურგი რაიმეს; როდესაც იესოსკენ მივბრუნდებით, უარი უნდა ვთქვათ ცოდვაზე. ბიბლია ცოდვისთვის ზურგის ქცევას „სინანულს" უწოდებს, ხოლო ქრისტესკენ მიბრუნებას – რწმენას. რწმენა და სინანული ერთმანეთს ავსებს. სინანული და რწმენა ჩნდება 1 თესალონიკელთა 1:9-შიც — „შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ." ქრისტიანი უარს ამბობს თავის ჩვეულ გზებზე და ყველაფერზე, რაც ცრუ რელიგიებს უკავშირდება და შედეგად, ჭეშმარიტ ქრისტიანად გარდაიქმნება.

მარტივად რომ ვთქვათ, გაქრისტიანებისთვის უნდა ვირწმუნოთ, რომ იესო ღმერთის ძეა, რომელიც მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და შემდგომ აღდგა. უნდა დაეთანხმოთ ღმერთს, რომ ცოდვილი ხართ და ხსნა გჭირდებათ; უნდა დაიჯეროთ, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია თქვენი შველა. როცა ცოდვიდან ქრისტესკენ მობრუნდებით, ღმერთი გპირდებათ, რომ გადაგარჩენთ და მოგანიჭებთ სულიწმიდას, რომელიც თქვენ ახალ ადამიანად გაქცევთ.

ქრისტიანობა, მისი ჭეშმარიტი არსის მიხედვით, რელიგია კი არ არის, არამედ, ბიბლიის თანახმად, ესაა ურთიერთობა იესო ქრისტესთან. ქრისტიანობაში ღმერთი ჰპირდება გადარჩენას ყველას, ვინც დაიჯერებს და ირწმუნებს იესოს ჯვარზე გაღებულ მსხვერპლს. გაქრისტიანება არ ნიშნავს რელიგიის გამოცვლას. ქრისტიანობაზე მოქცევა ღვთის საჩუქარია, რომელსაც ღმერთი გვთავაზობს – იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობა შედეგად ცოდვების მიტევებას მოგვიტანს და სიკვდილის შემდგომ კი – მარადიულ სიცოცხლეს.

გინდათ გაქრისტიანება წაკითხულის საფუძველზე? თუკი თქვენი პასუხი დადებითია, გთავაზობთ მარტივ ლოცვას, რომლითაც შეგიძლიათ, მიმართოთ ღმერთს. ამ ლოცვის წარმოთქმა ან სხვა ლოცვების კითხვა ვერ გადაგარჩენთ. მხოლოდ ქრისტეს რწმენას შეუძლია თქვენი ხსნა ცოდვებისგან. ეს ლოცვა მარტივი გზაა, გამოხატოთ ღმერთის მიმართ საკუთარი რწმენა და მადლობა უთხრათ მას გადარჩენისთვის: „ღმერთო, ვიცი, რომ შევცოდე შენ წინაშე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტემ მიიღო ის სასჯელი, რომელიც მე დავიმსახურე, რათა მისი რწმენით გადავრჩე. შენ მოგანდობ საკუთარ თავს. გმადლობ საოცარი მადლისა და მიტევებისთვის, საუკუნო სიცოცხლის ჯილდოსთვის! ამინ!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ უნდა გავხდე ქრისტიანი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries