settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ განისაზღვრება ცოდვა?

პასუხი


ბიბლიაში ცოდვა გულისხმობს ღვთის რჯულის დარღვევასა (1 იოანეს 3:4) და ღვთის წინააღმდეგ აჯანყებას (2 რჯული 9:7, იეს. 1:18). ცოდვის საწყისები ლუციფერთანაა, ალბათ, ყველაზე ბრწყინვალე და ძლევამოსილ ანგელოზთან. ვერ დასჯერდა რა თავის მდგომარეობას, მოინდომა ღმერთზე აღმატებულობა, რის გამოც, დაიწყო მისი დაცემა, ცოდვის დაბადება (ესაია 14:12-15). სახელად სატანა დაერქვა, რომელმაც კაცობრიობას ცოდვა მოუტანა ედემის ბაღში, სადაც ადამი და ევა შეაცდინა იგივე ცდუნებით: „იქნებით, როგორც ღმერთი". დაბადების მესამე თავში აღწერილია ადამისა და ევას ამბოხება ღმერთისა და მისი ნების წინააღმდეგ. ამ დროიდან, ცოდვა თაობიდან თაობას გადმოეცემა, და ჩვენ, ადამის შთამომავლებმა, ცოდვა მემკვიდრეობით მივიღეთ. რომაელთა 5:12 გვასწავლის, რომ ცოდვა ადამისგან შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ამიტომ სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში: „ცოდვის საზღაური სიკვდილია" (რომაელთა 6:23)

ადამის შემდეგ, ადამიანთა მოდგმას აქვს ცოდვისკენ მიდრეკილება და ბუნებით ცოდვილნი არიან. ადამის შეცოდებისას, მისი შინაგანი ბუნება შეიცვალა ცოდვით, რამაც წარმოშვა სულიერი სიკვდილი და ხრწნა, და ეს ცოდვა მემკვიდრეობითია. ჩვენ ცოდვილები ვართ არა იმიტომ, რომ ვცოდავთ; არამედ იმიტომ ვცოდავთ, რომ ცოდვილები ვართ. როგორც მშობლებისგან ვიღებთ ფიზიკურ ნიშან-თვისებებს, ასევე – ცოდვასაც. დავით მეფე დასტიროდა ადამიანის დაცემული ბუნებას (ფსალმუნები 51:5): „აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი."

ცოდვის მეორე სახეობა „მიკუთვნილი" ცოდვაა. ბერძნულიდან თარგმნილი სიტყვა „მიკუთვნება", გამოიყენება როგორც ფინანსურ, ისე საკანონმდებლო სფეროში, რაც ნიშნავს: ვიღაცის საკუთრების აღებას და სხვისთვის ჩათვლა-მიკუთვნებას. მოსეს რჯულის მიცემამდე, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გარდა, სხვა ცოდვა არ მიეწერებოდათ ადამიანებს. რჯულის მიცემის შემდეგ, რჯულის დარღვევა ცოდვად ეთვლებათ მათ (რომაელთა 5:13). სანამ რჯულის დარღვევა ცოდვად შეერაცხებოდათ, მანამ ცოდვის უკიდურესი სასჯელი (სიკვდილი) სუფევდა. ყველა ადამიანი, ადამიდან მოსემდე, სიკვდილს ექვემდებარებოდა, არა მოსეს რჯულის დარღვევის გამო (რომელიც ჯერ არ მისცემოდათ), არამედ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი ბუნების გამო. მოსეს შემდეგ, ადამიანები დაექვემდებარნენ სიკვდილს ადამისგან მიღებული და ღვთის რჯულის დარღვევით ჩადენილი ცოდვის გამო.

ღმერთმა ცოდვის მიკუთვნების (ჩათვლის) პრინციპი ჩვენდა სასარგებლოდ გამოიყენა, როცა მან ყველა მორწმუნის ცოდვა ჩაუთვალა იესო ქრისტეს, რომელმაც ამ ცოდვათა ფასი ჯვარზე სიკვდილით გადაიხადა. მიეწერა რა ჩვენი ცოდვები ქრისტეს, ღმერთი მას ისე მოექცა, როგორც ცოდვილს, თუმცა არ იყო ცოდვილი, მთელი ქვეყნიერების ცოდვათა გამო მოკვდა (1 იოანეს 2:2). მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცოდვა მას მიეწერა, ხოლო ადამისგან მემკვიდრეობითი ცოდვა არ გადასცემია. მან იტვირთა სასჯელი ცოდვებისთვის, მაგრამ თვითონ არასდროს არ ყოფილა ცოდვილი. მისი სუფთა და სრულყოფილი ბუნება არასდროს შერყვნილა ცოდვით. მას ისე მოექცნენ, თითქოს კაცობრიობის ყველა დანაშაულში მას ჩაედინოს, არადა, სრულიად უდანაშაულო იყო. სამაგიეროდ, ღმერთმა ადამიანებს გადასცა ქრისტეს სიმართლე, როგორც მას გადასცა ჩვენი ცოდვები (2 კორინთელთა 5:21).

ცოდვის მესამე სახე პირადი ცოდვაა – ადამიანის ყოველდღიური ცოდვა. რაკი ადამისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვილი ბუნება, ჩვენ პირადი ცოდვებიც გვაქვს. ყველანაირი – უბრალო ტყუილიდან დაწყებული, მკვლელობით დასრულებული. ვინც არ ირწმუნებს იესო ქრისტეს, სასჯელს მიიღებს საკუთარი ცოდვების გამო, როგორც მემკვიდრეობით მიღებულ და მიკუთვნილ ცოდვათა გამო. არამარტო განთავისუფლდნენ მორწმუნეები ცოდვის საუკუნო სასჯელისგან, ჯოჯოხეთისა და სულიერი სიკვდილისგან, არამედ ცოდვის წინაღმდგომი ძალაც მიიღეს. ახლა, შეგვიძლია ავირჩიოთ, ჩავიდინოთ ან არ ჩავიდინოთ პირადი ცოდვები, რაკი სულიწმიდა, რომელიც ჩვენშია, გვწმედს და გარდაგვქმნის ცოდვებისაგან მაშინაც კი, როცა ვცოდავთ (რომაელთა 8:9-11). როგორც კი ვაღიარებთ ჩვენს პირად ცოდვებს ღმერთის წინაშე და ვითხოვთ პატიებას, ვუბრუნდებით სრულყოფილ ურთიერთობას უფალთან. „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან" (1 იოანეს 1:9).

ყველანი სამჯერ განვიკითხებით: მემკვიდრეობითი, მიკუთვნილი და პირადი ცოდვისთვის. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23), არა მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი, არამედ მარადიული სიკვდილიც (გამოცხადება 20:11-15). საბედნიეროდ, მემკვიდრეობითი ცოდვა, მიკუთვნილი ცოდვა და პირადი ცოდვა ჯვარზე მიელურსმა ქრისტესთან ერთად, და, ახლა, იესო ქრისტეს მხსნელად აღიარებითა და რწმენით „მასში გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლის მეშვეობით, ცოდვების მოტევება მისი მადლის სიმდიდრის თანახმად" (ეფესელთა 1:7).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ განისაზღვრება ცოდვა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries