შეკითხვა
რა წერია ბიბლიაში ეშმაკებზე?
პასუხი
დემონები არიან დაცემული ანგელოზები, როგორც გამოცხადების 12:9 აღწერს: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად." სატანის დაცემა სიმბოლურად აღწერილია ესაიას 14:12-15-სა და ეზეკიელის 28:12:15 მუხლებში. სატანამ, დაცემისას, თან გაიყოლა ანგელოზების — გამოცხადების 12:4-ის მიხედვით — ერთი მესამედი. იუდას მე-6 მუხლშიც ნახსენებია დაცემული ანგელოზები. ასე რომ, ბიბლიურად, ეშმაკები არიან დაცემული ანგელოზები, რომლებმაც, სატანასთან ერთად, გადაწყვიტეს ღვთის წინააღმდეგ ამბოხება.
გარკვეული რაოდენობა ეშმაკებისა უკვე გამოკეტილია „საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი" (იუდა 1:6) მათი ცოდვებისთვის. ეფესელთა 6:12-ის მიხედვით, დანარჩენები თავისუფლად დაეხეტებიან და მოიხსენებიან, როგორც ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელნი და ცისქვეშეთის ბოროტების სულნი. (დაუკავშირე კოლოსელთა 2:15-ს). დემონები კვლავ დაჰყვებიან სატანას, როგორც წინამძღოლს და იბრძვიან წმინდა ანგელოზების წინააღმდეგ, რათა ჩაშალონ ღვთის გეგმა და დააბრკოლონ ღვთის ხალხი (დანიელი 10:13).
ეშმაკებს, როგორც სულიერ არსებებს, შეუძლიათ ფიზიკურ სხეულს დაეუფლნონ. ეშმაკით შეპყრობის დროს ადამიანის სხეული ბოლომდე დაქვემდებარებულია. ეს შეუძლებელია დაემართოს ღვთის შვილს, რადგან სულიწმიდა მკვიდრობს ქრისტეს მორწმუნეთა გულებში (1 იოანეს 4:4).
იესო დედამიწაზე ყოფნისას მრავალ დემონს გადაეყარა. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ ყოფილა ქრისტეს ძალის თანასწორი: „მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები" (მათეს 8:16). იესოს მიერ დემონების გაკონტროლება ერთ-ერთი დასტური იყო იმისა, რომ ის, ნამდვილად, ღვთის ძეს წარმოადგენდა (ლუკას 10:20). ეშმაკებმა იცოდნენ იესოს ვინაობა, როდესაც შეხვდნენ, და, ამიტომ, ეშინოდათ მისი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?" (მათეს 8:29). ეშმაკებმა იციან, რომ მათი ბოლო ტანჯვაა.
სატანა, თავისი ეშმაკებით, ახლაც ცდილობს მოსპოს ღვთის საქმე და, შეძლებისდაგვარად, ყველა აცდუნოს (1 პეტრეს 5:8; 2 კორინთელთა 11:14-15). ეშმაკები მოიხსენიება ბოროტ სულებად (მათეს 10:2), არაწმინდა სულებად (მარკოზის 1:27), სიცრუის სულებად (1 მეფეთა 22:23) და სატანის ანგელოზებად (გამოცხადება 12:9). სატანა და მისი დემონები აცდუნებენ სამყაროს (2 კორინთელთა 4:4), ავრცელებენ ცრუ დოქტრინებს (1 ტიმოთეს 4:1), თავს ესხმიან ქრისტიანებს (2 კორინთელთა 12:7; 1 პეტრეს 5:8) და ებრძვიან წმინდა ანგელოზებს (გამოცხადება 12:4-9).
დემონები ანდა დაცემული ანგელოზები ღვთის მტრები არიან, მაგრამ – დამარცხებულნი. ქრისტემ „განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება" (კლ. 2:15). როგორც კი დავემორჩილებით უფალს და წინ აღვუდგებით ეშმაკს, არაფრის აღარ უნდა გვეშინოდეს: „ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (იოანეს 4:4).
English
რა წერია ბიბლიაში ეშმაკებზე?