settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ უნდა ამოვიცნო ცრუ მასწავლებელი და ცრუ წინასწარმეტყველი?

პასუხი


იესომ გაგვაფრთხილა, რომ მოვიდოდნენ ცრუ ქრისტეები და ცრუ წინასწარმეტყველები და შეეცდებოდნენ ღმერთის რჩეულთა შეცდენასაც კი (მათეს 24:23-27; იხ. ასევე 2 პეტრეს 3:3 და იუდა 17-18). სიცრუისა და ცრუ წინასწარმეტყველებისგან თავდაცვის საუკეთესო გზა სიმართლის ცოდნაა. სიყალბე ამოსაცნობად სიმართლე უნდა იცოდეთ. ჭეშმარიტი სიტყვის მცოდნე (2 ტიმ. 2:15) და ბიბლიის მცოდნე შეძლებს ცრუ რელიგიის ამოცნობას. მაგალითად, მორწმუნე, რომელსაც წაკითხული აქვს მამის, ძისა და სულიწმიდის საქმეები მათეს 3:16-17-ში, ნებისმიერ სწავლებას, რომელიც უარყოფს სამებას, ეჭვქვეშ დააყენებს. ამიტომაც, პირველი ნაბიჯი ბიბლიის შესწავლაა და მთელი იმ სწავლების შეფასებაა, რაც წმინდა წერილშია გადმოცემული.

იესომ თქვა, რომ „ხე ნაყოფით შეიცნობა" (მათეს 12:33). ნაყოფის ძიებაში გამოგადგებათ სამი კონკრეტული გამოცდა, რომელიც შეიძლება ყველა მასწავლებელს ჩავუტაროთ, რათა მისი სწავლების სიზუსტე გავიგოთ:

1) რას ამბობს მასწავლებელი იესო ქრისტეს შესახებ? მათეს 16:15-16-ში იესო კითხვას სვამს: „რას იტყვი, ვინ ვარ?", პეტრე პასუხობს: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა." და პეტრე პასუხად იღებს, რომ ის „ნეტარია". 2 იოანეს 9-ში ვკითხულობთ: „ყველას, ვინც განზე მიდის და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო ქრისტეს და მის გამოსყიდვას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. მოერიდე ყველას, ვინც ამბობს, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთის თანასწორი, ვინც არ ცნობს იესოს მსხვერპლშეწირვას ან უარყოფს იესოს ადამიანურ ბუნებას. 1 იოანეს 2:22-ში წერია: „ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი".

2) ქადაგებს თუ არა ეს მასწავლებელი სახარებას? წმინდა წერილის თანახმად, სახარება ნიშნავს კეთილ უწყებას იესოს სიკვდილის, დამარხვისა და აღდგომის შესახებ (1 კორინთელთა 15:1-4). როგორ მომხიბვლელადაც არ უნდა ჟღერდეს „ღმერთს უყვარხართ", „ღმერთს სურს, რომ დააპუროს მშივრები", „ღმერთს უნდა, რომ მდიდრები იყოთ", ეს არ არის სრული სახარება. პავლე აფრთხილებს გალატელებს (1:7): „არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება". არავის, დიდ მქადაგებელსაც კი, არა აქვს უფლება შეცვალოს ის უწყება, რომელიც ღმერთმა მოგვცა. „როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს" (გალატელთა 1:9).

3) ავლენს მასწავლებელი ისეთ ხასიათს, რომელიც განადიდებს ღმერთს? იუდას წერილში (11) ცრუ მასწავლებლებზეა საუბარი: „ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისთვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტებით იღუპებიან, როგორც კორახი". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცრუ მასწავლებელი შეიძლება შევიცნოთ სიამაყით (კაენის მიერ ღმერთის ჩანაფიქრის უარყოფა), სიხარბით (ბილყამის ლტოლვა ფულისკენ), აჯანყებით (კორახის აჯანყება მოსეს წინააღმდეგ). იესო მოგვიწოდებს, თავი შორს დავიჭიროთ ასეთებისგან, ისინი ნაყოფით შეიცნობიან (მათეს 7:15-20).

მეტის გასაგებად, შეისწავლეთ ბიბლიის ის წიგნები, რომლებიც სპეციალურად ცრუ სწავლების წინააღმდეგ დაიწერა – გალატელთა მიმართ, 2 პეტრეს, 1 იოანეს, 2 იოანეს და იუდას წერილები. ხანდახან, ძალიან ძნელია ცრუ მასწავლებლისა და ცრუ წინასწარმეტყველის აღმოჩენა. თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება (2 კორინთელთა 11:14) და მისი მსახურები სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან (2 კორინთელთა 11:15). სიყალბეს მაშინ ვიცნობთ, როცა ძალიან კარგად გვეცოდინება სიმართლე.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ უნდა ამოვიცნო ცრუ მასწავლებელი და ცრუ წინასწარმეტყველი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries