settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს, რომ კაცობრიობა შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად? (დაბადება 1:26-27)?

პასუხი


შესაქმის ბოლო დღეს ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად" (დაბადება 1:26). და დაასრულა საქმე „პირადი შეხებით". ღმერთმა შექმნა ადამი მტვრისგან და სიცოცხლე საკუთარი სუნთქვით ჩაჰბერა (დაბადება 2:7). ამიტომ, ადამიანი უნიკალურია ღვთის მიერ შექმნილ არსებებს შორის და მას აქვს არა მხოლოდ მატერიალური სხეული, არამედ არამატერიალური სამშვინველი და სული.

ღვთის „ხატად" და „მსგავსად" შექმნა უბრალო სიტყვებით ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ვგავართ. ადამი არ იყო ღმერთის მსგავსი ხორცისა და სისხლის თვალსაზრისით. წმინდა წერილი ამბობს, რომ „ღმერთი სულია" (იოანეს 4:24) და, ამიტომ, სხეულის გარეშე არსებობს. თუმცა ადამის სხეული მაინც ღმერთის სიცოცხლეს აირეკლავდა, რაკი ფიზიკურად სრულყოფილი იყო და სიკვდილს არ ექვემდებარებოდა.

ღმერთის ხატება (ლათინურად: imago dei) ადამიანის არამატერიალურ ნაწილს მიემართება. ის გამოყოფს ადამიანებს ცხოველთან სამყაროსგან და მათ ბატონად ხდის მთელ დედამიწაზე (დაბადება 1:28), და ღმერთთან დაკავშირების საშუალებას აძლევს მას. ეს მსგავსება გამოიხატება გონებით, მორალითა და სოციალურობით.

კაცობრიობა თავიდანვე რაციონალურად და ნების მქონედ შეიქმნა. სხვა სიტყვებით, ადამიანს შეეძლო აზროვნება და არჩევა. ის ღმერთის ინტელექტისა და თავისუფლების ანარეკლია. ყოველი მანქანის შექმნა, ახალი წიგნის წერა, ხატვა, სიამოვნების მიღება სიმფონიისგან, ანგარიში ან ცხოველებზე სახელის დარქმევა ნათელჰყოფს მსგავსებას ღმერთთან.

კაცობრიობა მორალურად სრულიად უბიწოდ შეიქმნა, ირეკლავდა რა ღვთის სიწმინდეს. დაინახა რა ღმერთმა თავისი ნამოქმედარი, მათ შორის, ადამიანიც, აღწერა შემდეგი სიტყვებით: „კარგი იყო ფრიად" (დაბადება 1:31). ჩვენი სინდისი თუ „მორალის ძახილი" თავდაპირველ მდგომარეობას აირეკლავს. ყოველთვის, როცა ვიღაც წერს კანონს, უკუაგდებს ბოროტებას, აქებს კარგ საქციელს ან დამნაშავედ გრძნობს თავს, ამით ამტკიცებს, რომ ჩვენ ღმერთის ხატად ვართ შექმნილნი.

კაცობრიობა სოციალურად ურთიერთობისთვისაა შექმნილი. ეს ღვთის სამებისა და მისი სიყვარულის დასტურია. ედემში ადამიანს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან (დაბადების 3:8 აღწერს ღმერთთან ურთიერთობას), და ღმერთმა შექმნა ქალი, რადგან არ არის კარგი კაცის მარტოობა (დაბადება 2:18). ქორწინება, მეგობრობის შეძენა, ბავშვის გულში ჩაკვრა ან ეკლესიაში სიარული, ყველა ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ ღმერთის მსგავსად ვართ შექმნილი.

ღმერთის ხატად რომ ვართ შექმნილნი, ამას ადამის არჩევანის თავისუფლებაც ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამმა და ევამ კეთილი ბუნება მიიღეს, მაინც, ბოროტი არჩევანი გააკეთეს თავიანთი შემოქმედის წინააღმდეგ. ამით მათ დააზიანეს ღმერთის ხატება საკუთარ თავში, და მთელ შთამომავლობას ეს ნაკლოვანი ხატება გადასცეს (რომაელთა 5:12). ჩვენ დღესაც ღმერთის ხატებით დავდივართ (იაკობის 3:9), მაგრამ, ასევე, ცოდვის ნაჭდევიც გვატყვია. ცოდვის შედეგი გვეტყობა მენტალურად, მორალურად, სოციალურად და ფიზიკურად.

კარგი ამბავი ისაა, რომ როცა ღმერთი ირჩევს პიროვნებას, ის იწყებს თავდაპირველი ღვთის ხატის აღდგენას: „და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში" (ეფესელთა 4:24). ეს გამოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთის მადლით, იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი უფლის რწმენით, რომელიც აღადგენს ცოდვით დაკარგულ ურთიერთობას ღმერთთან (ეფესელთა 2:8-9). ქრისტეში ისევ ახალ ქმნილებებად გარდავიქმნებით (2 კორინთელთა 5:17).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს, რომ კაცობრიობა შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად? (დაბადება 1:26-27)?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries