შეკითხვა
როგორ განვამტკიცოთ ქორწინება?
პასუხი
როგორ განამტკიცონ მეუღლეებმა ქორწინება ცხოვრების ბოლომდე? პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ღვთისა და მისი სიტყვისადმი მორჩილებაა. ეს პრინციპი ქორწინებამდეც უნდა დავიცვათ. ღმერთი ამბობს: „აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?" (ამოსი 3:3) ანუ ხელახლა შობილმა ქრისტიანმა არ უნდა ააგოს ურთიერთობა ურწმუნოსთან. „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?" (2 კორინთელთა 6:14). თუკი ეს პირველი პრინციპი დაცულია, მაშინ ქორწინებაც დაცულია პრობლემებისა და ტანჯვისაგან.
კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს ურღვევ ქორწინებას – ქმარი უნდა დაემორჩილოს ღმერთს; უყვარდეს, პატივი სცეს და დაიცვას თავისი ცოლი ისე, როგორც საკუთარი თავი (ეფესელთა 5:25–31). შესაბამისად, ცოლიც უნდა დაემორჩილოს ღმერთს და საკუთარ ქმარს, როგორც „უფალს" (ეფესელთა 5:22). კაცსა და ქალს შორის ქორწინება ასახავს ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობას. ქრისტემ თავი დასდო ეკლესიისთვის; უყვარს, პატივს სცემს და იცავს თავის „სასძლოს" (გამოცხადება 19:7-9).
ღვთიური პრინციპების მქონე ქორწინებისას, ცოლ-ქმარი პოულობს გზას მტკიცე და ურღვევი ქორწინებისთვის; სიყვარულის ხშირი გამოვლენით, სიკეთით, ყურადღებით, დროის ერთად გატარებით, ქათინაურებით, გასვლებით, ჩანაწერებით, საჩუქრების ჩუქებითა და პატიებით. ყველა ეს ქმედება ეფუძნება ბიბლიურ შეგონებებს ცოლქმრობის შესახებ.
პირველი ქორწინებისას, როცა ღმერთმა ადამს ევა მოუყვანა, ის იყო მისი ხორცთაგანი და ძვალთაგანი (დაბადება 2:21), და ისინი „ერთხორცად" შეიქმნნენ (დაბადება 2:22-23). „ერთხორცად" ყოფნა უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური კავშირი. ეს ნიშნავს გონებისა და სულის ერთ მთლიანად გადაკვეთას. ეს ურთიერთობები სცდება გრძნობისმიერ გატაცებას, და სულიერ „ერთობად" იქცევა მაშინ, როცა ცოლ-ქმარი ღმერთისა და ერთმანეთის მორჩილებაშია. ამ ურთიერთობისთვის უცხოა „მე და ჩემი", არამედ „ჩვენ და ჩვენი". ეს მყარი ქორწინების ერთ-ერთი საიდუმლოა.
ქორწინება მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გაგრძელდეს, ეს ცოლ-ქმარმა პრიორიტეტად უნდა დაისახოს. ქორწინების სიმტკიცე ცოლ-ქმრის მორჩილებაზეა დამოკიდებული. ბევრი წყვილი არასდროს ლაპარაკობს დაშორებაზე, სიბრაზის დროსაც კი. ღმერთთან ვერტიკალური ურთიერთობის დამყარება გადამწყვეტია ქმარსა და ცოლს შორის ჰორიზონტალური ურთიერთობების განმტკიცებისთვის, რაც სათნოა ღვთისათვის.
ქორწინების სიმტკიცისა და ურღვევობის მსურველებმა, პრობლემებთან გამკლავება უნდა ისწავლონ. კარგია ლოცვა, ბიბლიის შესწავლა და ერთმანეთის პატივისცემა. და არ უნდა მოვერიდოთ სხვებისთვის დახმარების თხოვნას, რადგან, სინამდვილეში, ეკლესიის ერთ-ერთი მიზანია „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის" (ებრაელთა 10:24). განსაცდელში მყოფნი უნდა ეძიებდნენ რჩევას გამოცდილ ქრისტიან წყვილთაგან, ეკლესიის ხელმძღვანელისგან ან ბიბლიური ქორწინების მცოდნესგან.
English
როგორ განვამტკიცოთ ქორწინება?