settings icon
share icon
შეკითხვა

რა არის პრემილენიალიზმი?

პასუხი


პრემილენიალიზმი არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდება მისი ათასწლოვანი მეფობის წინ და, რომ ათასწლოვანი მეფობა არის ქრისტეს მმართველობა დედამიწაზე ზუსტად 1000 წლის განმავლობაში. რათა უკეთ გავიგოთ და ავხსნათ წმინდა წერილის უკანასკნელი ჟამის ამბები, აუცილებლად უნდა გვესმოდეს ორი რამ: წმინდა წერილის განმარტების სწორი მეთოდი და განსხვავება ისრაელსა (ებრაელებს) და ეკლესიას (იესო ქრისტეს ყველა მორწმუნის სხეულს) შორის.

წმინდა წერილის განმარტების სწორი მეთოდი, უპირველესად, კონტექსტის დახმარებით განმარტებას მოითხოვს. ანუ ნაწყვეტი უნდა განვმარტოთ ისე, რომ შეესაბამებოდეს იმ აუდიტორიას, ვისთვისაც დაიწერა, რაზეც დაიწერა და ვის მიერადაც დაიწერა... აუცილებელია განმმარტებელმა იცოდეს ავტორის, სავარაუდო აუდიტორიისა და ისტორიული ფონის შესახებ. ნაწყვეტის ისტორიული და კულტურული ფონი ნათელჰყოფს სწორ მნიშვნელობას. არსებითია ისიც, რომ წმინდა წერილი თავად განმარტავს საკუთარ თავს. ხშირად, ნაწყვეტი ისეთ თემასა თუ საგანსაც მოიცავს, რომელსაც მთელ ბიბლიაში შევხვდებით. მნიშვნელოვანია ყველა ეს ნაწყვეტი თანმიმდევრულად და ერთმანეთთან კავშირში იყოს განმარტებული.

ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია ბიბლიის ადგილები აღვიქვათ მათი ბუნებრივი, ჩვეული, უბრალო, პირდაპირი მნიშვნელობით, თუკი ნაწყვეტის კონტექსტი არ მიგვითითებს, რომ გადატანითი მნიშვნელობა აქვს. ვერბალური, სიტყვა-სიტყვითი განმარტება არ გამორიცხავს მხატვრული ხერხების გამოყენებას. სავარაუდოდ, ეს განმმარტებელს უბიძგებს ეძიოს მხატვრული ხერხი ნაწყვეტის მნიშვნელობაში, თუკი ის არ შეესაბამება კონკრეტულ კონტექსტს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არ ვეძიოთ „უფრო ღრმა, მეტად სულიერი" მნიშვნელობა, ვიდრე წარმოდგენილი გვაქვს. ნაწყვეტის განსულიერება საშიშია, რადგანაც მან შეიძლება მკითხველის გონებაში წმინდა წერილის არაზუსტი განმარტების საფუძველი შექმნას. მაშინ არ იარსებებს განმარტების ობიექტური სტანდარტი და წმინდა წერილი დაექვემდებარება ადამიანთა პირად ახსნა-განმარტებებს. პეტრეს მეორე წერილი (1:20-21) გვახსენებს: „ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრული, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას".

ბიბლიის განმარტების ამ პრინციპთა აღიარებით, ცხადი ხდება, რომ ისრაელი (აბრაამის შთამომავლები) და ეკლესია (ყველა, ვისაც ახალი აღთქმისა წამს) ორ განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენს. უნდა ვაღიაროთ განსხვავება ისრაელსა და ეკლესიას შორის, რადგან თუკი ამას ცუდად გავიგებთ, წმინდა წერილსაც ცუდად გავიგებთ. ცდომილებას ვაწყდებით იმ მუხლების განმარტებისას, რომლებიც ღმერთის მიერ ისრაელისთვის მიცემული აღთქმებს განიხილავს (აღსრულებულს და აღუსრულებელს). ეს აღთქმები არ მიემართება ეკლესიას. გახსოვდეთ, რომ კონტექსტი განსაზღვრავს, თუ ვის მიემართება იგი. კონტექსტის მეშვეობით გავიგებთ ყველაზე ზუსტ განმარტებას.

ამ ცნებათა გათვალისწინებით, წმინდა წერილის სხვადასხვა ნაწყვეტი აყალიბებს პრემილენიალურ თვალსაზრისს. დაბადება 12: 1-3: „და უთხრა უფალმა აბრამს: „დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი".

აქ, ღმერთი აბრაამს სამ რამეს დაჰპირდა: აბრაამს ეყოლებოდა მრავალი შთამომავალი. ეს ხალხი დაიკავებდა მიწას და იქნებოდა მისი მფლობელი. და აბრაამის ხაზისგან (ებრაელებისგან) საყოველთაო კურთხევას მიიღებდა მთელი კაცობრიობა. დაბადების 15:9-17-ში ღმერთმა აბრაამს გადასცა თავისი აღთქმა. ამ აღთქმის აღსრულება ღმერთმა საკუთარ თავზე აიღო. აბრაამი ისეთს ვერაფერს გააკეთებდა, რაც ღმერთის მიერ მიცემულ აღთქმას გააუქმებდა. ასევე, ამ ნაწყვეტში ჩანს იმ მიწის საზღვრებიც, რომელსაც ებრაელები დაიკავებენ. ამ საზღვრების ნუსხა აღწერილია მეორე რჯულის 34-ე თავში. აღთქმა მიწის შესახებ აღწერილია მეორე რჯულის 30:3-5-სა და ეზეკელის 20:42-44-შიც.

მეორე მეფეთა 7:10-17-ში, ვხედავთ ღმერთისგან დავითისთვის მიცემულ აღთქმას. აქ, ღმერთი დავითს შთამომავლობას ჰპირდება, რომელსაც ღმერთი სამარადისოდ დაუმკვიდრებს სამეფოს. ეს ქრისტეს ათასწლიან და საუკუნო მმართველობას ეხება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს აღთქმა სიტყვა-სიტყვით ახდება და ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ზოგს სჯერა, რომ ამ აღთქმის აღსრულება სოლომონის მმართველობა იყო, მაგრამ მცდარია. ის ტერიტორია, რომელსაც სოლომონი მართავდა დღეს ისრაელს არ უკავია და არც სოლომონის კანონებით იმართება. გაიხსენეთ ღმერთის აღთქმა აბრაამისადმი, რომ მისი შთამომავლები ამ მიწას სამარადისოდ დაიმკვიდრებდნენ. ასევე, მეორე მეფეთა მე-7 თავში დაწერილია, რომ ღმერთი დასვამს მეფეს, რომელიც სამარადისოდ იმეფებს. სოლომონი ვერ აღასრულებდა დავითისადმი მიცემულ აღთქმას. ასე რომ, ეს აღთქმა ჯერ არ აღსრულებულა.

ახლა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განვიხილოთ რა წერია გამოცხადება 20:1-7-ში. ათასი წელი, რომელიც ამ ნაწილში არაერთხელ გვხვდება, სიტყვა-სიტყვით შეესაბამება ქრისტეს 1000 წლიან მმართველობას დედამიწაზე. შეგახსენებთ, დავითისთვის მიცემული დაპირება მმართველობის შესახებ უნდა აღსრულებულიყო და ჯერ არ აღსრულებულა. პრემილენიალიზმი ამ ნაწყვეტს ხედავს, როგორც აღთქმას ქრისტეს ტახტზე მეფობის შესახებ. ღმერთმა უპირობო აღთქმები დაუდო აბრაამსა და დავითს. ამ აღთქმებთაგან ბოლომდე და სრულად არცერთი არ აღსრულებულა. ქრისტეს, პირდაპირი მნიშვნელობით, მეფობა ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ აღსრულდეს ის ყველაფერი, რასაც ღმერთი დაგვპირდა.

წმინდა წერილის სიტყვა-სიტყვითი გაგება პაზლის არეულ ნაწილებს აწყობას ჰგავს. ძველი აღთქმის ყველა აღთქმა ქრისტეს პირველი მოსვლის შესახებ ზუსტად აღსრულდა. ამიტომ, უნდა ველოდეთ, რომ წინასწარმეტყველება მისი მეორედ მოსვლის შესახებ ასევე ზუსტად აღსრულდება. პრემილენიალიზმი ერთადერთი სისტემაა, რომელიც აღიარებს ღმერთის აღთქმებისა და უკანასკნელი ჟამის შესახებ ვერბალურ განმარტებას.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა არის პრემილენიალიზმი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries