შეკითხვა
რას ამბობს ბიბლია რასიზმის შესახებ?
პასუხი
პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ ამ თემის განხილვისას — არსებობს ერთი რასა, ადამიანთა რასა. კავკასიელები, აფრიკელები, აზიელები, ინდოელები, არაბები და ებრაელები არ მიეკუთვნებიან სხვადასხვა რასას. ისინი კაცობრიობის სხვადასხვა ეთნოსს წარმოადგენენ. ყველა ადამიანს მსგავსი ფიზიკური მახასიათებელი აქვს (რა თქმა უნდა, მცირე სხვაობით). უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი (დაბადება 1:26-27).ღმერთს იმდენად უყვარს ქვეყნიერება, რომ ჩვენს გადასარჩენად საკუთარი ძე მოგვივლინა(იოანეს 3:16). რა თქმა უნდა, „ქვეყნიერება"მოიცავს ყველა ეთნიკურ ჯგუფს.
ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება (2 რჯული10:17; საქმეები10:34; რომაელთა 2:11; ეფესელთა 6:9), და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. იაკობი(2:4) განმასხვავებლებს აღწერს, როგორც „ბოროტი აზრების მქონე მსაჯულები". პირიქით, უნდა გვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი (იაკობის 2:8). ძველ აღქმაში, ღმერთმა კაცობრიობა ორ „რასობრივ" ჯგუფად დაჰყო: ებრაელები და წარმართები. ღმერთს სურდა ისრაელი ყოფილიყო მღვდელთა სამეფო, რომლებიც მოემსახურებოდნენ წარმართ ხალხს. ამის ნაცვლად, ებრაელები გამედიდურდნენ საკუთარი სტატუსით და შეიძულეს წარმართები. იესო ქრისტემ ბოლო მოუღო ამას, როცა დაანგრია მტრობის კედელი (ეფესელთა 2:14). რასიზმის ყველა ფორმა, ცრუ შეხედულებები და დისკრიმინაცია ქრისტეს ჯვრით აღსრულებული საქმის შეურაცხყოფაა.
იესო მოგვიწოდებს ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ (იოანეს 13:34). თუ ღმერთი მიუკერძოებელიადა სამართლიანად ვუყვარვართ, ჩვენც ასეთი მაღალი სტანდარტით უნდა გვიყვარდეს სხვები. იესო მათეს 25-ე თავში გვასწავლის, რომ ყველაფერს, რასაც ძმათა შორის უმცირესს ვუკეთებთ, მას ვუკეთებთ. თუკი სიძულვილით ვექცევით ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ გვძულს ადამიანი, რომელიც ღმერთის ხატად შეიქმნა; ჩვენ გულს ვტკენთ ადამიანს, რომელიც ღმერთს უყვარს და ვისთვისაც მოკვდა იესო.
სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის რასიზმს, ათასწლეულების განმავლობაში, კაცობრიობისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. ყველა ეთნოსში, ძმებო და დებო, ასე ნუ იქნება! რასიზმის, ცრუ შეხედულებებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლმა ხალხმა უნდა შეძლოს პატიება. ეფესელთა 4:32-ში წერია: „მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა". შეიძლება რასისტები არ იმსახურებენ მიტევებას, მაგრამ ჩვენ უფრო ნაკლებად ვიმსახურებთ პატიებას ღვთისაგან. „ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს" (რომაელთა 6:13). დაე, ბოლომდე გავაცნობიეროთ გალატელთა 3:28-ში დაწერილი: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში."
English
რას ამბობს ბიბლია რასიზმის შესახებ?