settings icon
share icon
შეკითხვა

რა ნიშნავს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა?

პასუხი


კათოლიკური ღვთისმეტყველების მიხედვით, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ესაა შვიდი ბოროტება ან ხასიათის უარყოფითი თვისება, რომლებიც, თუკი არ შევაჩერეთ, ბევრ სხვა ცოდვას გამოიბამს, და, საბოლოოდ, დაღუპავს ადამიანის სულს. შვიდი მომკვდინებელი ცოდვა – სიამაყე, შური, ნაყროვანება, გულისთქმა, მრისხანება, სიხარბე და სიზარმაცე. ეს სია, მე-6 საუკუნეში, პირველად პაპმა გრიგოლ დიდმა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, თომა აქვინელმა განავრცო ეს იდეა. მეთოთხმეტე საუკუნეში, დანტე ალიგიერმა დაწერა თავისი ეპიკური პოემა „ღვთაებრივი კომედია", სადაც ასახა განსაწმენდელი შვიდ საფეხურად, რომელიც ეხმაურება შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას.

ასევე, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას უწოდებენ შვიდ მთავარ ცოდვას და შვიდ „კარდინალურ" ცოდვას. კარდინალური ამ კონტექსტში ნიშნავს „პირველხარისხოვნებას" ან „უკიდურესად მნიშვნელოვანს". შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ითვლება უმნიშვნელოვანეს ცოდვებად, რომელებიც რყვნის კაცობრიობას, და რომლებიც, სავარაუდოდ, შეგვეხება ჩვენც. ამ შვიდი ცოდვიდან, თითოეული წარმოშობს სხვა ცოდვას. მაგალითად, ბრაზმა შეიძლება გამოიწვიოს ყვირილი, ძალადობა ან მკვლელობა.

ქვემოთ აღწერილია თითოეული ცოდვა:

სიამაყე – საკუთარი თავის გადაჭარბებულად, არარეალურად შეფასება.

შური – გრძნობა, რომ იმსახურებ სხვა ადამიანის სიმდიდრეს, წარმატებას, ღირსებებსა თუ ტალანტებს.

ნაყროვანება – ჭამა-სმისგან სიამოვნების მიღების დაუოკებელი სურვილი.

გულისთქმა – სექსუალობა, ან სურვილი სხვასთან სექსუალური ურთიერთობისა, თქვენი მეუღლის გარდა.

რისხვა – შურისძიების მეტისმეტი, უგვანი სურვილი.

სიხარბე – ძლიერი ლტოლვა სიმდიდრისკენ, განსაკუთრებით სხვების საკუთრებისადმი.

სიზარმაცე – ძალისხმევის ნაკლებობა აუცილებელი ამოცანის წინაშე, რაც შეუსრულებელი (ან ცუდად შესრულებული) რჩება.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ესაა ცოდვები, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს. რომის კათოლიკური ეკლესია არ გვასწავლის, რომ ცოდვები მიუტევებელია; კათოლიკურ დოქტრინაში, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა გარდაიქმნება დამღუპველ ცოდვებად, და ადამიანს ჯოჯოხეთში გზავნის, თუკი, სიკვდილის წინ, ეს ცოდვები არ მოინანიება. აგრეთვე, კათოლიციზმი გვასწავლის, რომ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა შეიძლება დაიძლიოს შვიდი სათნოებით (თავმდაბლობით, მადლიერებით, ქველმოქმედებით, თავაზიანობით, უმანკოებით, მოთმინებითა და შრომისმოყვარეობით).

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ბიბლიური? დიახ, და არა. იგავთა 6:16-19-ში ჩამოთვლილია შვიდი რამ, რაც ღმერთს სძულს: 1) ზვიადი თვალები; 2) მატყუარა ენა; 3) ხელები უდანაშაულო სისხლის დამღვრელნი; 4) გული – ბოროტი განზრახვების განმზრახველი; 5) ფეხნი სწრაფად მორბენალნი ბოროტებისაკენ; 6) ცრუ მოწმე, მზაკვრობის წარმომთქმელი; 7) განხეთქილების დამთესავი ძმათა შორის. ცხადია, ხალხი, ამ ნუსხვას „შვიდ მომაკვდინებელ ცოდვად" არ აღიქვამს.

დიახ, სიამაყე, შური და ა. შ., ეს ის ცოდვებია, რომელთაც ბიბლია მსჯავრს ადებს, თუმცა, ბიბლია არასდროს უწოდებს „შვიდ მომაკვდინებელი ცოდვას". შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ტრადიციული ნუსხა გვეხმარება ცოდვათა კლასიფიკაციაში. ყოველი ცოდვა შეიძლება შვიდიდან რომელიმე კატეგორიას მივაკუთვნოთ.

საბოლოოდ, არც ერთი ცოდვა არ არის უფრო მეტად „მომაკვდინებელი", ვიდრე სხვა. ყველა ცოდვას მოაქვს სიკვდილი (რომაელთა 6:23). ერთი ცოდვაც კი საკმარისია, რომ ადამიანი დამნაშავედ ჩაითვალოს (იაკობის 2:10). დიდება უფალს, რაკი იესო ქრისტემ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ყველა ცოდვა, მათ შორის, „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვაც". ღვთის მადლითა და იესო ქრისტეში რწმენით გადარჩენას ვფლობთ (მათეს 26:28; საქმეები 10:43; ეფესელთა 1:7).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა ნიშნავს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries