შეკითხვა
როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი მოწევის შესახებ? მოწევა ცოდვაა?
პასუხი
ბიბლიაში არ არის მოხსენიებული მოწევა. თუმცა არსებობს პრინციპები, რომლებიც ესადაგება მოწევას. უპირველესად, ბიბლია გვიბრძანებს, რომ ჩვენი სხეული არაფერს არ უნდა დაემონოს. „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები" (1 კორინთელთა 6:12). უდავოდ, სიგარეტი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. იგივე თავში დაწერილია: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა" (1 კორინთელთა 6:19-20). მოწევა ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის. დადასტურებულია, რომ მოწევა აზიანებს ფილტვებსა და გულს.
შეიძლება მოწევა „სასარგებლოდ" ჩავთვალოთ (1 კორინთელთა 6:12)? შეიძლება ვთქვათ, რომ მოწევით ღმერთს ადიდებს ჩვენი სხეული (1 კორინთელთა 6:20)? შეიძლება ადამიანი ეწეოდეს ღვთის სადიდებლად (1 კორინთელთა 10:31)? უეჭველად, ამ სამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოწევა ცოდვაა, და ქრისტეს მიმდევრები არ უნდა გაეკარონ მას.
ამ მოსაზრებათა მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ მრავალი ადამიანი ჭამს არაჯანსაღ საკვებს, რომელიც შეიძლება მავნე იყოს ორგანიზმისთვის. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ისე უიმედოდაა კოფეინზე დამოკიდებული, რომ მისთვის წარმოუდგენელია დილა ყავის გარეშე. დიახ, ეს მართალია, მაგრამ როგორ ამართლებს ეს მოწევას? ვამტკიცებთ, რომ ქრისტიანებს არ უნდა ახასიათებდეთ ღორმუცლობა და არაჯანსაღი კვება. დიახ, ქრისტიანები ხშირად პირფერობენ, როცა განიკითხავენ ერთ ცოდვას, ხოლო მეორეს კვერს უკრავენ, მაგრამ, კიდევ ერთხელ, მოწევა არ არის ღვთის მოსაწონი.
ამ მოსაზრების საპირისპიროდ, მეორე არგუმენტი ისაა, რომ ბევრი ღვთისმოსავი ადამიანი ეწეოდა. მაგალითად, ცნობილია, რომ გამოჩენილი ბრიტანელი მქადაგებელი ჩ. ჰ. სპერჯენი სიგარეტს ეწეოდა. თუმცა, არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი არგუმენტია. ცუდია სპერჯენი რომ ეწეოდა. იყო თუ არა ის ღვთისმოსავი და ღვთის სიტყვის ბრწყინვალე მასწავლებელი? რა თქმა უნდა! ანუ, მისი ყველა ქმედება ღვთის სადიდებლად იყო? არა.
ვამტკიცებთ, რომ მოწევა ცოდვაა, მაგრამ არ ვამბობთ, რომ ყველა მწეველი დაიღუპება. იესო ქრისტეს ბევრი ჭეშმარიტი მორწმუნე ყოფილა მწეველი. მოწევა არ აბრკოლებს ადამიანს გადარჩენას. ვერც გადარჩენას დაკარგავს ამის გამო. მოწევა არაა ნაკლებად საპატიებელი, ვიდრე სხვა ცოდვები, როცა ადამიანი ქრისტიანი ხდება და ინანიებს ცოდვებს ღმერთის წინაშე (1 იოანეს 1:19). ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოწევა ცოდვაა, რომელიც უნდა მივატოვოთ, დავძლიოთ ღვთის დახმარებით.
English
როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი მოწევის შესახებ? მოწევა ცოდვაა?